ოთხი წლის შემდეგ რუსეთმა პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია კრეისერ “მოსკვაზე“ დაღუპული მეზღვაურების შესახებ
„აფეთქების, ხანძრისა და კვამლის შედეგად კრეისერის ეკიპაჟის ოცი წევრი დაიღუპა, ოცდაოთხმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ხოლო რვა უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მათ შორის გემის გადარჩენის პროცესში, რომელიც ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა“, - ნათქვამია რუსეთის სამხედრო სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა და რომელიც მალევე აიღეს.
როგორც სამხედრო ექსპერტები შენიშნავენ, კრეისერზე დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა აქამდე არ იყო გამჟღავნებული.
თავდაპირველად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კრეისერზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა, 27 მეზღვაური კი დაკარგულად გამოცხადდა. მოგვიანებით სასამართლომ დაღუპულად გამოაცხადა 17 მეზღვაური.
BBC-ს რუსული სამსახური და Mediazona იუწყებიან, რომ მათ დაადგინეს 22 დაღუპული მეზღვაურის პირადი მონაცემები. გამოცემა „აგენტსვოს“ ცნობით, ჩაძირული კრეისერის ეკიპაჟის ორი მესამედი, სავარაუდოდ, სავალდებულო სამსახურში გაწვეულებისგან შედგებოდა.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი კრეისერი „მოსკვა“კუნძულ ზმეინთან ახლოს 2022 წლის 14 აპრილს ჩაიძირა. უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ გემზე იერიში მიტანილი იქნა „ნეპტუნის“ რაკეტებით.
