ლილუაშვილთან დაახლოებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, დაკავებულია მისი ძმა
აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი შეუცვალეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ კობა ხუნდაძეს. ის სუსის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია.
კობა ხუნდაძის ადვოკატი, მალხაზ ლაფაჩი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ბრალდებულმა საპატიმრო 16 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ დატოვა. ის სხვა კომენტარს არ აკეთებს: „მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, შესაბამისად, ამის მეტს ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება მის ძმას, მე არ ვარ მისი ადვოკატი, მის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია“.
19 იანვარს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობა ხუნდაძის გათავისუფლების პარალელურად, დააკავეს მისი ძმა, ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეა.
„ტვ პირველის“ ცნობით, ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა და „ჩაბარდა“.
რადიო თავისუფლება ცდილობს, გაარკვიოს საქმის დამატებითი დეტალები.
ვლადიმერ ხუნდაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გასული წლის 31 ოქტომბერს აღიძრა. პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
ვლადიმერ ხუნდაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა.
უწყების თანახმად, ვლადიმერ ხუნდაძეს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქალაქ გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის - დამზადებასა და შენახვას.
რაც შეეხება მის ძმას, კობა ხუნდაძეს, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი თანამშრომელი და ლილუაშვილის მეჯვარის ძმა და ბიზნესმენი გასულ წელს, 22 ოქტომბერს, დააკავეს. სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი.
გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც. ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მას 24 დეკემბერს შეეფარდა.
