უკრაინის დელეგაციის მოლაპარაკება აშშ-თან დავოსში გაგრძელდება
Reuters-ის ცნობით, უკრაინის წარმომადგენელმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა 18 იანვარს, რომ რუსეთთან თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულების მიზნით აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები დავოსში, შვეიცარიის კურორტზე, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაგრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის თაობაზე თქვა, რომ რომ აშშ-ში უკრაინის წარმომადგენლები ომის დასასრულებლად
საჭირო დოკუმენტებზე მუშაობენ.
აშშ-ში „ჩვენმა დელეგაციამ დღეს ანგარიში წარმოადგინა. რუსტემ უმეროვმა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა. მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა. ისინი მუშაობენ. ისინი ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობენ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული გუნდი ამერიკულ მხარეს სრულად აწვდის ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაზე რუსეთის მუდმივი დარტყმების შესახებ,“- თქვა ზელენსკიმ.
უმეროვმა განაცხადა, რომ ის, კირილ ბუდანოვთან და დავით არახამიასთან ერთად, ორი დღე მუშაობდა შეერთებულ შტატებში. ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ სტივენ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი, აშშ-ის არმიის მდივანი დენიელ დრისკოლი და თეთრი სახლის თანამშრომელი ჯოშ გრიუნბაუმი.
უკრაინის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი და საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, 17 იანვარს ჩავიდა შეერთებულ შტატებში აშშ-ის ჯგუფთან შესახვედრად.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციის ფლორიდაში ვიზიტის მიზანი იყო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის შესახებ შეთანხმებების დასრულება ამერიკელ პარტნიორებთან.
17 იანვარს თავის მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ
-ში უკრაინის დელეგაციის მთავარი მიზანი იყო ამერიკული მხარისთვის რუსული დარტყმების შედეგების შესახებ რეალური ინფორმაციის მიწოდება.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმი დავოსში 19 იანვარს იწყება და 23 იანვრამდე გაგრძელდება.
