ომბუდსმენი დე ფაქტო ხელისუფლებას თამარ მეარაყიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
"თამარ მეარაყიშვილი, როგორც უფლებადამცველი, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებებთან, აქტიურად საუბრობდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში არსებულ პრობლემებზე, რაც მისივე განცხადებით, წარსულშიც არაერთხელ გამხდარა მისი დაკავების წინაპირობა. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც 23 დეკემბრიდან შიმშილობს, „მშრალ შიმშილობაზე“ გადავიდა. მან წყლის მიღებაც შეწყვიტა. ადვოკატის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მან 10 კილოგრამი დაკარგა.
თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა.
ის დაანონსებული აქციის წინა ღამით, 22 დეკემბერს, დააკავეს.
ე.წ. სასამართლომ მეარაყიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„ჯაშუშობის“ ბრალებით, მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წლებია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება თამარ მეარაყიშვილს დევნის. მას ჩამოართვეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გასვლისთვის საჭირო დოკუმენტები და ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს.
