ტრამპის თქმით, თუ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით იერიში იგეგმებოდა, "ეს ცუდია"
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მორიგი სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ტრამპის თქმით, საუბარი ნაყოფიერი იყო. ტრამპის სიტყვებით, სხვა საკითხებთან ერთად, ამ საუბრისას პუტინმა მას შეატყობინა, რომ ნოვგოროდის ოლქში მდებარე მის რეზიდენციაზე დარტყმას შეეცადნენ.
„ეს არ მომწონს. ეს ცუდია“, მოჰყავს ტრამპის სიტყვები CNN-ს.
მან აღნიშნა, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, ყალბია და თავდასხმა არ განხორციელებულა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ მას ამის შესახებ პუტინი მოუყვა.
„იცით, ვინ მომიყვა ამის შესახებ? პრეზიდენტი პუტინი, დღეს დილით, მითხრა, რომ მას თავს დაესხნენ. ეს ცუდია,“ თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ამჟამად ყველაზე შესაძერისი დრო არ არის „ყველაფერი ამისთვის“.
დღეს რუსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ ღამით უკრაინულმა დრონებმა სცადეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა ნოვგოროდის ოლქში.
„რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საპასუხო დარტყმების სამიზნეები და მათი განხორციელების დრო განსაზღვრულია“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლავროვის განცხადებას „მორიგი ტყუილი“ უწოდა. ის მიიჩნევს, რომ რუსეთი მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს და ამზადებს ნიადაგს კიევში სამთავრობო შენობებზე დარტყმისთვის.
