სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმიდან“ არჩევნებს 1800 ადამიანი დააკვირდება
„ჩვენი დამკვირვებლები და მობილური ჯგუფები არჩევნებს დააკვირდებიან ყველა საარჩევნო ოლქში. ჩვენ კოორდინირებული ვართ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ თითოეული ამომრჩევლის ხმის დაცვა. აქვე დავაანონსებთ, რომ 25 ოქტომბერს სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ წარმოგიდგენთ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშს“, - თქვა თოლორაიამ.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლებს საერთო ჯამში მოემსახურება 3 111 საარჩევნო უბანი, მათგან საქართველოს ტერიტორიაზე გახსნილია 3 044 უბანი.
„ჩემი ხმის“ განცხადებით, მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურ პრობლემად იკვეთება მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების, უკანონოდ შეგროვებისა და გამოყენების ფაქტები. როგორც ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, მმართველი პარტიის ხელში ხვდება პერსონალური მონაცემები, რომლებსაც მხოლოდ სახელმწიფო უწყებები ფლობენ.
„როგორც ჩანს, ამომრჩეველთა მონაცემები სახელმწიფო უწყებების მიერ გადაეცემა მმართველ პარტიას, რათა უფრო მარტივი იყოს ამომრჩეველთა მართვა“, - დაამატა მან.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
