ფსკოვის ოლქში სტალინის რვამეტრიანი ძეგლი გაიხსნა
ფსკოვის რაიონის ქალაქ ველიკიე ლუკში, ქარხანა „მიკრონის“ ტერიტორიაზე, ცენტრალური შესასვლელის წინ, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერის, იოსებ სტალინის რვამეტრიანი ძეგლი დაიდგა.
რეგიონული მედიის ცნობით, მოქანდაკე მიხეილ კრასილნიკოვის მიერ შექმნილი ძეგლი ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით კულტურული მემკვიდრეობის ფონდ „რუსსკიე ვიტიაზის“ წარმომადგენლებმა გახსნეს. ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ პარშიკოვმა თქვა, რომ ამ საკითხზე" თანამოაზრეები იყვნენ " როგორც ქარხანა „მიკრონის“ მენეჯმენტში, ასევე მუშებს შორის. "ხალხმა გამოთქვა სურვილი, რომ იოსებ სტალინის ძეგლი ყოველდღე ნახონ, როდესაც ისინი სამსახურში მოდიან", - განაც პარშიკოვმა.
გამოცემა „რბკა“ს ცნობით, ქარხანა „მიკორნი“ აწარმოებს და მაღაზიებს და სავაჭრო ცენტრებს თაროებით და სტელაჟებით ამარაგებს.
მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ბიუსტი გახსნეს.
იოსებ სტალინი საბჭოთა კავშირს თითქმის 30 წელი ედგა სათავეში. მის სახელს უკავშირდება რეპრესიები, დაპატიმრებები, კატორღა, მრავალწლიანი იზოლაცია. მრავალი ადამიანის სასიკვდილო განაჩენზე ხელი პირადად სტალინმა მოაწერა. რეპრესიები შეეხო ინტელიგენციას, მეცნიერებს, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს.