თამარ ჩიბურდანიძე: ამდენი სიბინძურისთვის აუცილებლად მოგეკითხებათ უფლისგან! უბედურება ის არის, რომ ცოდვა შემდეგ თაობებს მოეკითხებათ
„ამდენი სიბინძურისთვის აუცილებლად მოგეკითხებათ უფლისგან! უბედურება ის არის, რომ ცოდვა შემდეგ თაობებს მოეკითხებათ და ამდენი არ გესმით,” – ასე მიმართავს სოციალური ქსელის მეშვეობით „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, რომლებიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარს, სტიქიას გადარჩენილი ადამიანების შესახებ, საზოგადოების დიდი ნაწილის მსგავსად მწვავედ გამოეხმაურნენ და ჩიბურდანიძეც კობახიძის მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს.
„მოკლედ, ვკითხულობ ირაკლი კობახიძეზე კომენტარებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნაცობა არა მარტო სირცხვილია, არამედ, სასჯელია! ამდენი სიბინძურისთვის აუცილებლად მოგეკითხებათ უფლისგან! უბედურება ის არის, რომ ცოდვა შემდეგ თაობებს მოეკითხებათ და ამდენი არ გესმით. ან საიდან უნდა იცოდეთ, ეკლესიაში თქვენ არ დადიხართ, ღმერთის თქვენ არ გწამთ და ცოდვის შიში საიდან უნდა გქონდეთ? როგორც შოვი ჩაახრჩო აზვირთებულმა ტალახმა, ისე ახრჩობს საქართველოს სიძულვილის და სიბინძურის ტალახში ნაცმოძრაობა და მის ირგვლივ შემოკრებილი ქართული ოპოზიცია.
როგორ არ გეშინიათ? შვილები ხომ გყავთ? თქვენს შვილებს რას ერჩით? რატომ ჰკიდებთ ამხელა ცოდვას? ხომ იცით, რომ ამქვეყნად ყველა დროებით არის… საბოლოოდ დავრწმუნდი, ნაცებმა პასუხი უნდა აგონ ყველაფერზე. თუ ვინმეზე და რამეზე უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ეს არის ნაცმოძრაობის საქმიანობის შესწავლა. თუმცა, რაღა შესწავლა უნდა, მათ ღალატზე და ბოროტებაზე ფაქტები მეტყველებს.
დაიმახსოვრეთ, ნაცობა არა მარტო სირცხვილია, არამედ, საშვილთაშვილო სასჯელია!” – წერს ჩიბურდანიძე.
ცნობისთვის, მმართველო პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ 14 აგვისტოს ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს მწვავე კრიტიკა მოჰყვა, კონკრეტულად სტიქიას გადარჩენილი პირების და საზოგადოების მხრიდან, კობახიძისთვის გაურკვეველი აღმოჩნდა სტიქიისგან თავის გადასარჩენად ერთ-ერთი მოქალაქის მიერ ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, რადგან მისი თქმით, ნაპირზე დარჩენა უფრო უსაფრთხო იყო. ამასთან ტყუილი უწოდა ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა სტიქიას – ამ განცხადებებმა კი საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა ასევე კობახიძეს, თამარ ჩიბურდანიძეს მსგავსად, მხარდამჭერთა გარკვეული ნაწილი გამოუჩნდა.