“დისნეის პრინცესების კრიტიკა ფემინიზმი არ არის” – ფანები რეიჩელ ზეგლერის წინააღმდეგ
დისნეის ანიმაციური კლასიკა “ფიფქია და შვიდი ჯუჯა” მომავალ წელს დიდ ეკრანებზე გაცოცხლდება. ეს დისნეის კიდევ ერთი რიმეიქია. გასულ წლებში უკვე შეიქმნა ისეთი ანიმაციების ადაპტაციები, როგორებიცაა “მძინარე მზეთუნახავი”, “ალადინი”, “ურჩხული და მზეთუნახავი”, “პატარა ქალთევზა”. ახლა ფიფქიას ჯერია.
ფილმში მთავარ როლს რეიჩელ ზეგლერი ასრულებს. მისი დებიუტი კინოში 2021 წლის West Side Story-ში შედგა. საქმე იმაშია, რომ ფანები მსახიობის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები.
როგორც Insider იტყობინება, 2022 წლის სექტემბერში Disney’s D23 Expo-ზე დასწრებისას, ზეგლერმა მისცა რამდენიმე ინტერვიუ, რომელშიც მან გააკრიტიკა 1937 წლის ანიმაციის შინაარსი. ეს კომენტარები სულ ახლახან გავრცელდა სოციალურ ქსელებში.
“რეალობა ისაა, რომ მულტფილმი 85 წლის წინ არის გადაღებული და, შესაბამისად, ის ძალიან მოძველებულია”, – განუცხადა რეიჩელმა Entertainment Weekly-ს.
“ახალი ფიფქია განსხვავებული იქნება და იგი ძალაუფლების მოსაპოვებლად იბრძოლებს”, – დასძინა მსახიობმა.
ანალოგიურად, Variety-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ ფიფქიას სიყვარული არ აინტერესებს და მისი მთავარი მიზანია იყოს კეთილი, მამაცი, სამართლიანი ლიდერი.
“მე მეშინოდა ამ მულტფილმის. მხოლოდ ერთხელ ვუყურე და მას შემდეგ აღარასდროს მინახავს. პირველად ანიმაცია 16-17 წლის შემდეგ ვნახე, როცა ფილმზე მუშაობას ვიწყებდი”, – ამბობს რეიჩელი.
ამ ყველაფერმა ორიგინალი ვერსიის ფანების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი თვლიან, რომ თუ მსახიობს ასე სძულდა ეს როლი, საერთოდ არ უნდა ეთამაშა.
“შემიძლია, სიტყვასიტყვით დავწერო სადოქტორო დისერტაცია ფსევდო ფემინიზმის შესახებ, რომელიც აკრიტიკებს დისნეის პრინცესებს”, – ამბობს TikTok-ის მომხმარებელი @cosywithangie ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში.
“დისნეის პრინცესების კრიტიკა არ არის ფემინისტური. ყველა ქალი არ არის ლიდერი. ყველა ქალს არ სურს, იყოს ლიდერი. ყველა ქალს არ სწყურია ძალაუფლება და ეს სრულიად მისაღებია, ისევე, როგორც სიყვარული და ქორწინება. ესეც არჩევანია და ამის გამო ქალის შერცხვენა, მისი დამუნათება ყველაზე ანტიფემინისტური რამა”.
ფილმი ეკრანებზე მომავალ წელს გამოვა და მიუხედავად ყველაფრისა, რეიჩელი წერს, რომ ამ როლის მიღებით აღფრთოვანებულია.
წყარო: Best Life