ნინო თანდილაშვილი: იქ არ იყო არანაირი დიდი წყლის მასის და ტბის დაგუბება. ეს იყო ძალიან მყისიერი კლდეზვავური მასის ჩამოშლა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის მასა არ დაგუბებულა და ამის დასტურად წყლის დონის მზომი სადგურის მონაცემებს იშველიებს.
„იქ არ იყო არანაირი დიდი წყლის მასის და ტბის დაგუბება. ეს იყო ძალიან მყისიერი კლდეზვავური მასის ჩამოშლა, რომელიც დაეჯახა ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მასას. გარღვევა მოხდა და ჩამოიტანა კურორტ შოვში, უმოკლეს ვადებში“, – განაცხადა თანდილაშვილმა.
მისი თქმით, შოვში საქმე გვქონდა კომპლექსური პროცესების განვითარებასთან, რამაც ხეობაში დიდი მასშტაბის სტიქიური მოვლენა გამოიწვია. ის კვლავ აღნიშნავს, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქიური მოვლენის წინასწარ პროგნოზირება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.
„ჩვენს ხელთ არსებული მონიტორინგის სისტემებით, რომელიც დამონტაჟებული გვაქვს როგორც რეგიონში, ასევე რადარული სისტემებით, იქ არ გამოვლენილა ისეთი პროცესი, რაზეც ჩვენ შეიძლებოდა წინასწარ გვევარაუდა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარებას შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი“, – თქვა თანდილაშვილმა ბრიფინგზე.
როგორც ის ამბობს, სახელმწიფომ 2014 წლიდან, მისივე თქმით, ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება ქვეყანაში. კერძოდ, როგორც ის ჰყვება, 200 არის დღესდღეობით და 100-ის დამონტაჟება ახლაც მიმდინარეობს.