კახა კალაძე: „რუსეთთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა“
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსეთის ფედერაციასთან არანაირი მოლაპარაკებები ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ.
კალაძის თქმით, მსგავსი ინფორმაციის გაჟღერება არის „პოლიტიკური მანიპულაცია.“
კახა კალაძე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის განცხადებას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ლიდერს გაუკვირდა ის, რომ „დღეს აპროტესტებენ ის ადამიანები, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდა და რუსს მოქალაქეებს მოუწოდებდა, საქართველოში შემოსულიყვნენ“.
„არ ვიცი, ამ კითხვას რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო და რა ფარულ მოლაპარაკებებზეა საერთოდ საუბარი. პუტინის განცხადებაში გაკვირვება, რაც იყო ამ უვიზო მიმოსვლასთან და ფრენების აღდგენასთან, მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ დღეს აპროტესტებენ ის ადამიანები, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდა და მოუწოდებდა რუსს მოქალაქეებს, რომ ისინი საქართველოში შემოსულიყვნენ, ტურისტულად ბიზნესი ეკეთებინათ და ა.შ. შესაბამისად, ეს განცხადება გაკეთებული იყო ამისთვის. „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ გაუპროტესტებია ფრენების აღდგენა და არ გაუპროტესტებია ვიზების მოხსნა. ეს როგორც იცით, ცალმხრივად სანქცირებული საკითხი იყო და რუსეთის ფედერაციამ გადაწყვეტილება სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით მიიღო. რა თქმა უნდა, არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულაციები, რასაც კონკრეტული ტელევიზიები ცდილობენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.