პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესახებ განაცხადა
პოლონეთი უახლოეს დღეებში უკრაინას გაუგზავნის ოთხ საბჭოთა წარმოების MiG-29 გამანადგურებელს და მომავალშიც გააგრძელებს კიევისთვის აღნიშნული შეიარაღების მიწოდებას. ამის შესახებ პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 16 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ეს არის უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების პირველი ოფიციალური დადასტურება მას შემდეგ, რაც მსგავსი ტექნიკის მოკავშირეთაგან მიწოდებას შარშან რუსეთის ინტერვენციის პირველი დღეებიდანვე ითხოვს უკრაინა.
პოლონური მედიის თანახმად, დუდამ თვითმფრინავების გადაცემის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან თავისი პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ღია მონაცემებით, პოლონეთს 28 ერთეული მიგ-29 ტიპის გამანადგურებელი ჰყავს. პოლონეთის პრეზიდენტის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ მათგან 16 მუშა მდგომარეობაშია. დანარჩენი შეიძლება მარაგნაწილებად გადაეცეს უკრაინას ან გარემონტდეს.
საბჭოთა წარმოების მიგ-29 გამოიყენება უკრაინის საჰაერო ძალების მიერ. ცნობარ World Air Forces 2022-ის თანახმად, რუსეთთან ომამდე უკრაინას ჰყავდა 51 ასეთი თვითმფრინავი, მათ შორის სასწავლო-საბრძოლო დანიშნულების. Military Balanc-ის თანახმად კი უკრაინის შეიარაღებაში იყო 37 ერთეული მიგ-29. დადასტურებული ბრძოლებში 18 ერთეული მიგ-29-ის განადგურების ფაქტი, ვინაიდან მათი ფრაგმენტები ფოტოებსა და ვიდეოებშიც მოხვდა. მაგრამ ფაქტობრივი დანაკარგები, დაზიანებული ან განადგურებული საბრძოლო თვითმფრინავების გათვალისწინებით, შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
თავდაპირველად პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მოგვიანებით კი სლოვაკეთის მთავრობამაც განაცხადეს, რომ მზად არიან გადასცენ უკრაინას საბჭოთა წარმოების მიგ-29 ტიპის გამანადგურებლები.
უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდება "სერიოზული დახმარება" იქნება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან ფრონტზე სერიოზული ცვლილებები მოახდინოს, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იური იგნატმა.