რუს დეპუტატს, რომელიც ყურზე ატრიაჩამოკიდებული უსმენდა პუტინის მიმართვას, არმიის დისკრედიტაციისთვის ოქმი შეუდგინეს
რუსეთის კომუნისტური პარტიის სამარის რეგიონული დუმის დეპუტატ მიხაილ აბდალკინს, რომელმაც ინტერნეტში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის ყურზე ატრიაჩამოკიდებული უსმენს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართვას ფედერალური ასამბლეისადმი, ადმინისტრაციული ოქმი შეუდგინეს არმიის დისკრედიტაციის მუხლით. შესაბამისი მასალები გადაეცა ქალაქ ნოვოკუიბიშევსკის სასამართლოს, რომელიც ამ ოქმს, სავარაუდოდ, 7 მარტს განიხილავს.
ამის შესახებ აბდალკინმა „ვკონტაქტეში“ თავად გამოაქვეყნა ცნობა, რომელშიც აღნიშნავს, რომ „საქმე სწორედ ამ ვიდეოს“ გამო აღიძრა. "ჩვენ ვიბრძოლებთ და დავამტკიცებთ ჩემს უდანაშაულობას“, - დასძენს დეპუტატი.
ცოტა ხნის წინ სკანდალი მოჰყვა რეგიონული დეპუტატის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც აბდალკინი ყურზე ატრიაჩამოკიდებული უსმენს ფედერალური ასამბლეისადმი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ყოველწლიურ მიმართვას (დეპუტატი ინსცენირებას აკეთებს ცნობილი რუსული გამოთქმისა вешать лапшу на уши - "ყურებზე ატრიის ჩამოკიდება" - რაც მოტყუებას ნიშნავს).
1 მარტს სამარის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს აბდალკინის "კომუნისტური პარტიიდან" გარიცხვას, ხოლო რეგიონულ პარლამენტში კომუნისტების ფრაქციის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტეპანოვი აბდალკინის სამხედრო სამსახურში გაწვევის წინადადებით გამოვიდა.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თითქმის 2 საათის განმავლობაში კითხულობდა ყოველწლიურ მიმართვას, რომელიც წინა გამოსვლების მსგავსად, სავსე იყო მილიტარისტული რიტორიკით და უხვი ანტილიბერალური, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული აქცენტებით.
ნატო, აშშ და უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება პუტინმა დაადანაშაულა თავისი უშუალო ბრძანებით ერთი წლის წინ სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე გაჩაღებულ დამანგრეველ ომში.
21 თებერვალს გაკეთებულ თავის ყოველწლიურ მიმართვაში, პუტინი კვლავ შეეცადა აუდიტორიის დარწმუნებას, რომ უკრაინაში ყველაფერი გეგმის თანახმად მიდის, ხოლო ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება შეუძლებელია.