რუსი ექიმები პუტინს მიმართავენ: „შეწყდეს ალექსეი ნავალნის აბუჩად აგდება“
რუსმა ექიმებმა ღია წერილი გაუგზავნეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოთხოვნით, შეწყდეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის „აბუჩად ეგდება,“ რომელიც ვლადიმირის რეგიონის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობის პერიოდში მეათედ მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში, და უზრუნველყონ ის სამედიცინო დახმარებით.
პროექტ „მედუზას“ მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ალექსეი ნავალნის პატიმრობის პირობები და გარეგნობა დიდ შეშფოთებას იწვევს მის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესახებ. ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენლების უარი, მიაწოდონ პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერს საჭირო მედიკამენტები, უშუალო საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქის, ალექსეი ნავალნის სიცოცხლეს.
"სამედიცინო თვალსაზრისით, აშკარაა, რომ ალექსეი ნავალნი არ იღებს საკმარის სამედიცინო დახმარებას და სადამსჯელო იზოლატორში მისი მოთავსება მისი მდგომარეობის გამო დაუშვებელია,“ - წერენ ექიმები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ღია წერილს და შეახსენებენ პუტინს, რომ მოქალაქეების უფლება ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შეტანილია რუსეთის კონსტიტუციაში. პატიმრებს, ვისაც თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, კანონის თანახმად, ასევე აქვთ სამედიცინო დახმარების მიღების უფლება, სხვათა შორის, სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის სამოქალაქო სამედიცინო ორგანიზაციებში.
პრეზიდენტ პუტინისგან, როგორც კონსტიტუციის გარანტისგან, წერილში, რუსი ექიმები ითხოვენ უფლებას, გასინჯონ ალექსეი ნავალნი სამოქალაქო ექიმებმა და საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოში გადაიყვანონ სრული გამოკვლევისა და მკურნალობისთვის.
წერილს ხელს აწერს 36 ექიმი, უმეტესობა მოსკოვიდან.
9 იანვარს ცნობილი გახდა, რომ 31 დეკემბერს ალექსეი ნავალნი მე-10-ჯერ მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში. და, ის 2023 წლის ახალ წელს სადამსჯელო საკანში შეხვდა.
ნავალნის ადვოკატმა, ვადიმ კობზევმა ტვიტერში დაწერა, რომ მისი მონაცემებით, ნავალნი საკანში ავად გახდა, სიცხე და ხველა ჰქონდა. „ვცდილობთ გადავცეთ წამლები“- წერს კობზევი. ნავალნი ვლადიმირის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 2022 წლის ივნისიდან იმყოფება. მას დამატებითი სასჯელი დაუწესდა მას შემდეგ, რაც აგვისტოში პატიმართა პროფკავშირის შექმნა გამოაცხადა და უკმაყოფილება გამოთქვა პატიმრობის პირობების გამო. ნავალნის ბრალად დასდეს ასევე წვრილმანი დარღვევები.
მას შემდეგ, რაც 2020 წლის აგვისტოში საწამლავ "ნოვიჩოკით" მოწამლეს, ნავალნი ბერლინში მკურნალობდა. 2021 წლის დასაწყისში პოლიტიკოსი დაბრუნდა რუსეთში, სადაც ის პირდაპირ აეროპორტში დააკავეს. თავიდან ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს "ივ როშეს" საქმეზე, შემდეგ გაასამართლეს ვეტერანის ცილისწამებისთვის (ჯარიმა მიუსაჯეს) და თაღლითობის და მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე, რომლის დროსაც მას ცხრა წლით მიესაჯა პატიმრობა.