ყაზახეთში შესაძლოა, მოქალაქე საჯარო სივრცეში უცენზურო ლაპარაკისთვის დააპატიმრონ
ყაზახეთში, შესაძლოა, ჯარიმა გამოგიწერონ საჯარო სივრცეში უცენზურო სიტყვების გამოყენებისთვის. ჯარიმის ოდენობა დაახლოებით 150 დოლარია. ასევე, შესაძლოა, 30 დღით დაგაპატიმრონ. ამის შესახებ რადიო თავისუფლების თურქმენეთის ბიურო იტყობინება.
ყაზახეთის შსს-ს ადმინისტრაციული პოლიციის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე აზამატ კურიმბაევი აცხადებს, რომ ახალი კანონი მარტიდან ამოქმედდება.
„ახლა წვრილმანი ხულიგნობისთვის სასამართლო დაახლოებით 37 დოლარის გადახდას აკისრებს ან - 15 დღით პატიმრობას. ახალი რედაქციის მიხედვით, წვრილმან ხულიგნობად ჩაითვლება უცენზურო საუბარი საჯარო სივრცეში, ლანძღვა და ადამიანების აკიდება, შებილწვა შენობების, საზოგადოებრივი საკუთრების, ქონების ტრანსპორტსა თუ საჯარო სივრცეში“, - განაცხადა მან.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ხელი მოაწერა ადმინისტრაციულ კოდექსში შესულ შესწორებებს, მათ შორის არის ცვლილება, რომელიც წვრილმანი ხულიგნობისთვის სასჯელის ზომას ამკაცრებს.