პესკოვი: სომხეთის პოზიციის დეტალებს გაარკვევენ
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარი თქვა შეეფასებინა სომხეთის გადაწყვეტილება, საკუთარ ტერიტორიაზე არ ჩაატაროს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნები.
„ეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის საკმაოდ ახალი განცხადებაა და ვფიქრობ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ხაზით კოლეგები კავშირზე იქნებიან და სომხეთის პოზიციის დეტალებს გაარკვევენ“, - უთხრა დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს პესკოვმა. მისი განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, სომხეთი რუსეთის ძალიან ახლო მოკავშირეა და გააგრძელებენ დიალოგს, მათ შორის საკმაოდ რთულ საკითხებზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 10 იანვარს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) აცნობა, სომხეთში სწავლების ჩატარების მიზანშეუწონლობის თაობაზე.
"სომხეთში ეს წვრთნები, ყოველ შემთხვევაში, წელს, არ გაიმართება“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
2002 წელს შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.