ნოემბერში სურსათი 16,8%-ით გაძვირდა - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბერში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ქვეჯგუფში ფასები (წინა წლის ნოემბერთან შედარებით) 16,8 პროცენტით გაიზარდა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (26,0 პროცენტი),
პური და პურპროდუქტები (23,8 პროცენტი),
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22,0 პროცენტი),
ყავა, ჩაი და კაკაო (19,5 პროცენტი),
რძე, ყველი და კვერცხი (18,3 პროცენტი),
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15,7 პროცენტი),
თევზეული (13,6 პროცენტი),
ზეთი და ცხიმი (10,1 პროცენტი),
ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,1 პროცენტი),
ხილი და ყურძენი (6,9 პროცენტი).
ასევე, 15 პროცენტზე მეტად გაძვირდა საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირის ქვეჯგუფი. ფასების თითქმის 16 პროცენტიანი ზრდა აღინიშნება სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების სფეროშიც.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში წლიური ინფლაცია 10,4 პროცენტი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ რა პროდუქტების შესაძენადაც გასულ წელს 100 ლარი იყო საკმარისი, წელს 110 ლარზე მეტია საჭირო.
საქსტატი ასევე ითვლის ყოველთვიურ ინფლაციას. ამ კვლევის მიხედვით ნოემბერში ოქტომბრის თვესთან შედარებით ფასების დონე 0,5 პროცენტით გაიზარდა.
2022 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია საქართველოში 11,5 პროცენტი, ოქტომბერში კი 10,6 პროცენტი იყო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, 2022 წლის ბოლომდე ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის, 3 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნება ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა.
რა არის ინფლაცია - განმარტება
ინფლაცია არის ფასების საერთო დონის ზრდა, მარტივად რომ ვთქვათ, საქონლის და მომსახურების გაძვირება. ინფლაცია ასევე განიხილება, როგორც ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლება. მის გამომწვევ მიზეზად ეკონომისტები ფულის მასის ზრდას, ანუ მიმოქცევაში სულ უფრო მეტი "ქაღალდის ფულის" გამოშვებას ასახელებენ.