ბელგოროდმა უარი უთხრა პრიგოჟინს თავდაცვის ხაზის აშენებაზე - წერს გამოცემა „Вёрстка“
![ბელგოროდმა უარი უთხრა პრიგოჟინს თავდაცვის ხაზის აშენებაზე - წერს გამოცემა „Вёрстка“](https://gdb.rferl.org/F6DB8B8D-51A9-4D28-B315-6BCEC24A0CDA_cx0_cy3_cw0_w800_h450.jpg)
ბელგოროდის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, უარი უთხრა რუსული სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” დამფინანსებელ რუს ოლიგარქს, ევგენი პროგოჟინს, ხარკოვის ოლქის საზღვართან თავდაცვითი ხაზის მშენებლობაში მონაწილეობაზე - სამშენებლო სამუშაოების ღირებულების გამო. ამის შესახებ წერს გამოცემა Вёрстка“ ბელგოროდის რეგიონის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროს განცხადებით, პრიგოჟინის წარმომადგენლებმა რეგიონულ ადმინისტრაციას რამდენიმე მილიარდი რუბლის ღირებულების პროექტი შესთავაზეს, თუმცა სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ბიზნესმენის პროექტზე უარი თქვეს.
ეს სიტუაცია, შესაძლოა, გამოწვეული იყოს პრიგოჟინის მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულებით.
რამდენიმე დღის წინ პრიგოჟინმა ბელგოროდისა და კურსკის რეგიონების ბიზნესის წარმომადგენლები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი არ აძლევენ შვებულებას თანამშრომლებს, რომელთაც სურთ მოხალისეებად გადამზადება „ვაგნერის“ ბაზებზე.
ის ფაქტი, რომ პრიგოჟინი ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში ქმნიდა მებრძოლების საწვრთნელ ცენტრებს, ცნობილი ნოემბრის დასაწყისში გახდა. მან განმარტა, რომ სასწავლო ცენტრებს თავად აფინანსებს და ამ პროცესის დასაფინანსებლად რეგიონული ბიზნესებსაც შესთავაზა მონაწილეობა.
„ვაგნერი“ რუსეთის არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფებაა, რომელიც არ ფიგურირებს სამხედრო დეპარტამენტების ბალანსზე და იურიდიულ პირთა რეესტრში, მაგრამ ამ ჯგუფის მებრძოლები მონაწილეობენ სამხედრო სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში და უკრაინასთან ომში.
ამ დაჯგუფების მებრძოლები ეჭვმიტანილები არიან მრავალი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში.