უკრაინამ უეფას მიმართა - არ დაუშვათ რუსეთი ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე
უკრაინის საფეხბურთო ასოციაცია უეფასგან ითხოვს, რუსული ფეხბურთისთვის დაწესებული შეზღუდვები ევროპის მომავალ ჩემპიონატზეც გაგრძელდეს და აგრესორი ქვეყნის ნაკრები ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არ დაუშვან. ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ, რომელიც ამავდროულად უეფას აღმასკომის წევრიცაა.
„ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის ივნის-ივლისში უნდა გაიმართოს გერმანიაში. ტურნირის წილისყრა კი სულ მალე - 9 ოქტომბერს შედგება და მასზე რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან“, - უთხრა პაველკომ უეფას ოფიციალურ ვებსაიტს.
უკრაინელები რუსეთის მიერ დაგეგმილი ამხანაგური მატჩის გაუქმებასაც ითხოვენ. 19 ნოემბერს სანქტ პეტერბურგში რუსეთის ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინას უნდა უმასპინძლოს. პაველკოს განცხადებით, ამ თამაშის გაუქმების მოთხოვნით უკვე მიმართეს "ფიფას" და "უეფას". ამასთან, შეეხმიანნენ ბოსნია-ჰერცეგოვინის ფეხბურთის ფედერაციასაც, რათა გამოიჩინონ უკრაინისადმი სოლიდარობა და არ ჩავიდნენ რუსეთში ფეხბურთის სათამაშოდ. უკრაინული ფეხბურთის ლეგენდები კი თავის მხრივ ბოსნია-ჰერცეგოვინელ კოლეგებს დაუკავშირდნენ.
19 ნოემბრის ამხანაგური მატჩის შესაძლო ჩაშლის შესახებ ოფიციალურად ჯერ არსად დაწერილა.