კიევი აპირებს მოსკოვს ზარალის კომპენსაციისთვის მოსთხოვოს 300 მილიარდი დოლარი
უკრაინა იბრძოლებს საიმისოდ, რომ რუსეთისგან რეპარაციის ფორმით მიიღოს 300 მილიარდი დოლარი - აცხადებს უკრაინის იუსტიციის მინისტრი.
განცხადებებში, რომლებიც 9 სექტემბერს გამოაქვეყნა გერმანულმა მედიაჯგუფმა, Funke-მა, დენის მალიუსკა ამბობს, რომ კიევი ემხრობა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებას საერთაშორისო საკომპენსაციო მექანიზმის დასადგენად.
უკრაინისთვის რუსეთის სამხედრო შეჭრით მიყენებული ზარალის მოცულობა დიდი თანხით, 300 მილიარდი დოლარითაა შეფასებული, რაც მოიცავს რუსეთის ეროვნული ბანკის მთელ აქტივებს დიდი შვიდეულის ქვეყნებში - იუწყება სააგენტო DPA. ეს აქტივები გაყინულ იქნა სანქციების ფარგლებში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
რუსეთის ბანკის ქონებასთან წვდომის გარდა, იუსტიციის მინისტრის თქმით, უკრაინას ასევე სურს მისთვის ხელმისაწვდომი გახდეს რუსეთის სახელმწიფო კომპანიების ანგარიშები საზღვარგარეთ, და განხორციელდეს რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაცია.
უკრაინას უკვე მოთხოვნილი აქვს რუსეთისგან კომპენსაცია, მის ტერიტორიაზე შეჭრის გამო. ივნისში უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში შეიტანა საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ჯარის სრულად გაყვანა და აგრესიის შედეგად დაზარალებულთათვის ფულადი კომპენსაციის გამოყოფა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე, ზარალი ფასდებოდა 80 მილიარდ დოლარად - აღნიშნავს მედიასაშუალება "მედუზა".