ევროპა რუსეთიდან თავშესაფრის მსურველთა ორ მესამედზე მეტს უარს ეუბნება
ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებმა უარყვეს თავშესაფარზე რუსეთის მოქალაქეთა თხოვნის 77%. ყველაზე ხშირად, რუსები ცდილობდნენ გერმანიაში ჩასვლას. ეს ქვეყანა მათ ძირითადად უარს ეუბნება. ამ მონაცემებს აქვეყნებს პროექტი „უფრო ზუსტი რომ ვიყოთ“.
მისი თანამშრომლების მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან მოყოლებული, ევროპის ქვეყნებში თავშესაფარი 153 ათასმა რუსმა მოითხოვა. რუსეთის 35 ათასმა მოქალაქემ მიიღო ლტოლვილის სტატუსი. საშუალოდ, ამ ქვეყნებში, რუსეთის მოქალაქეთა განაცხადების მხოლოდ მეხუთედია დაკმაყოფილებული პირველი განხილვისას.
ევროპის ქვეყნებს შორის რუსები უფრო მეტად ითხოვენ თავშესაფარს გერმანიაში. ათი წლის განმავლობაში თითქმის 54 000 ადამიანი, რუსეთიდან ყველა განმცხადებლის მესამედზე მეტი, ჩავიდა ამ სურვილით გერმანიაში, რომელმაც განმცხადებლების 90%-ს უარი უთხრა.
მეორე ადგილზეა საფრანგეთი. რუსებმა ამ ქვეყნის ხელისუფლებას თავშესაფრის სურვილის შესახებ 42 000-ზე მეტი განაცხადით მიმართეს. პარიზმა უარყო მოთხოვნების 76%. რუსეთის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ავსტრიაში, პოლონეთსა და ბელგიაში გაქცევას ცდილობს - უმეტესობა ამას ვერ ახერხებს. 2012 წლიდან მხოლოდ მალტას არ უთქვამს უარი რუსეთიდან ჩასული განმცხადებლებისთვის - იქ ათმა რუსმა ითხოვა თავშესაფარი. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ამის შემდეგ ათიათასობით ადამიანმა დატოვა რუსეთი.
თავშესაფარი შეიძლება ითხოვოს პირმა, თუ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მის მიმართ არაერთხელ განხორციელდა დევნა სახელმწიფოს (ან მასთან დაკავშირებული სტრუქტურების) მიერ პირადი პოზიციის ან საქმიანობის გამო სხვადასხვა ფორმით.