ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინიმ წვეულების ჩანაწერის გავრცელების შემდეგ ნარკოტესტი ჩაიტარა
ფინეთის პრემიერ-მინისტრის სანა მარინის განცხადებით, მან ნარკოტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ კერძო წვეულებაზე პრემიერი ცეკვავს და სვამს.
36 წლის პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნარკოტესტი პარასკევს ჩაუტარდა და შედეგები ერთ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. მისი მტკიცებით, ნარკოტიკები არასდროს, თინეიჯერობის წლებშიც არ მიუღია.
„ჩავიტარე ტესტი ჩემი სამართლებრივი დაცვისთვის და ყოველგვარი ეჭვის გასაფანტად“, – აღნიშნა პრემიერმა.
სანა მარინის მტკიცებით, წვეულების დროს ზომიერად, მხოლოდ მსუბუქი ალკოჰოლური სასმელი დალია.
”რესტორნიდან მანქანამდე ნორმალურად მივედი და სახლში წავედი, მეორე დილით კი თავს კარგად ვგრძნობდი,” – აღნიშნა პრემიერმა.
ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად კი პრემიერმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების თანამშრომლებს მასთან ტელეფონით დაკავშირება ყოველთვის შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, 6 აგვისტოსაა გადაღებული და სადაც ჩანს, რომ პრემიერი კერძო წვეულებაზე სვამს და ცეკვავს. ვიდეოში ასევე ჩანან ცნობილი ტელე და რადიო წამყვანები, ინფლუენსერები და მომღერლები. ვიდეოს გავრცელების შემდეგ საზოგადოების ნაწილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ წვეულებაზე ნარკოტიკული საშუალებები მოიხმარეს.