გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად
მსოფლიოს უძველესი ხე, შესაძლოა, უკვე საუკუნეებს ითვლიდა, როდესაც სტოუნჰენჯში პირველი ლოდები აღმართეს. ახალი კომპიუტერული მოდელის ვარაუდით, უხუცესი გიგანტი, ცნობილი, როგორც Gran Abuelo, ესპანურად დიდი ბაბუა, ჩილეს ანდების ხევზე, დაახლოებით, 5400 წელს ითვლის. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, იგი მოხსნის აქამდე არსებულ რეკორდს, რომელიც ეკუთვნოდა ფიჭვის ხეს, სახელწოდებით Great Basin bristlecone, კალიფორნიაში და მასზე 600 წლით უფრო ძველი აღმოჩნდება.
თუმცა ჯერ ყველა კვლევა ჩატარებული არ არის. საჭიროა, ხის რგოლების ანალიზი. ეს მეთოდი ცნობილია, როგორც დენდროქრონოლოგია და ხის ასაკის დასადგენად ოქროს სტანდარტი. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მონაცემების ოფიციალურად გასაჯაროება.
“როგორიც არ უნდა იყოს მისი ასაკი, ხე საფრთხის ქვეშაა და დაცვას საჭიროებს”, – თქვა ჯონათან ბარიჩივიჩმა, კლიმატისა და გლობალური ეკოლოგიის მეცნიერმა პარიზის კლიმატისა და გარემოს მეცნიერებების ლაბორატორიიდან. “ის ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია ტურისტების გამო”, – ხეზე ასევე სავალალოდ აისახა კლიმატის ცვლილებაც, განუცხადა ბარიჩივიჩმა Live Science-ს.
როგორც ჯონათანი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ხე გადარჩა ათასობით წლის განმავლობაში, მისი მომავალი საეჭვოა. უძველეს ხეს აკრავს ვიწრო პლატფორმის ბილიკი, რომელიც ანადგურებს მის უკანასკნელ ცოცხალ ფესვებს და უამრავი ტურისტი, რომელიც ყოველწლიურად დადის მის სანახავად, დამატებით ზიანს აყენებს ბილიკზე სიარულის დროს. კლიმატის ცვლილებამ და თანმდევმა 10-წლიანმა გვალვამ ასევე დააზიანა დიდებული მცენარე.
გრან აბუელოს შემდგომი დაზიანებისგან დასაცავად, ბარიჩივიჩმა და მისმა კოლეგებმა წარადგინეს იდეა, ხის ირგვლივ 3 მეტრის სიმაღლის ბადის ფარდის დადება, რათა ხალხი არ მიუახლოვდეს. ისინი ასევე გვირჩევენ საფეხმავლო ბილიკის გადატანას ხის უძველესი ფესვთა სისტემისგან.
წყარო: live science