ზელენსკიმ თანამდებობიდან გადააყენა კიევის, ლვოვისა და ტერნოპოლის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელები
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ კიევისა და კიევის რეგიონის უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეცვალა – ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის მიერ 15 აგვისტოს გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი.
დოკუმენტების თანახმად, ზელენსკიმ კიევის ოლქის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ზაიცის ნაცვლად, დანიშნა არტემ ბონდარენკო, რომელიც მანამდე გაათავისუფლა ლვოვის რეგიონის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან.
გარდა ამისა, ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ტერნოპოლის რეგიონის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იური ბორეიჩუკი.
ლვოვის და ტერნოპოლის რეგიონების უსაფრთხოების სამსახურების ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ განკარგულებები ჯერ არ გამოქვეყნებულა
19 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ივან ბაკანოვის გათავისუფლების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება დაავალა ბაკანოვის პირველ მოადგილეს, ვასილი მალიუკს, რომელიც გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმირებული წყაროების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრიი ერმაკთან დაახლოებული პირია. გამოცემა ჯერ კიდევ ივნისში წერდა, რომ ბაკანოვს და ერმაკს კონფლიქტი ჰქონდათ პრეზიდენტ ზელენსკიზე გავლენის მოსაპოვებლად.