"ვერხოვნა რადამ" საომარი მდგომარეობა ქვეყანაში კიდევ 90 დღით გაახანგრძლივა
უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, ვერხოვნა რადამ, მხარი დაუჭირა უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელებას 90 დღის ვადით, 21 ნოემბრამდე. შესაბამისი დოკუმენტი, ისევე როგორც მობილიზაციის გაგრძელების შესახებ დადგენილების პროექტი, პარლამენტს ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარუდგინა.
უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა 24 თებერვლიდან 26 მარტამდე, მას მერე, რაც რუსეთის არმიამ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, იერიში მიიტანა უკრაინაზე. ამის შემდეგ საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადა ქვეყანაში ორჯერ გაგრძელდა.
რუსეთის ოფიციალური ფორმულირებით, ეს არის „სპეცოპერაცია დონბასში“, რომელიც უკრაინის სეპარატისტული, რუსეთის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების თხოვნით დაიწყო, მაგრამ პირველ დღესვე, რუსეთის არმია უკრაინის სიღრმეში შეიჭრა და დონბასს გარეთ არაერთ ქალაქზე, მათ შორის, დედაქალაქ კიევზეც მიიტანა იერიში.