ბელგოროდში უკრაინის საზღვრიდან 10 კილომეტრში სამხედრო ქალაქში აფეთქება მოხდა, არიან დაჭრილები
რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ 29 მარტის საღამოს აფეთქებები მოხდა, ბელგოროდიდან 20 კილომეტრში და უკრაინის საზღვრიდან 10 კილომეტრში მდებარე სოფელ კრასნი ოქტიაბრთან. გლადკოვის თქმით, აფეთქებას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
მაგრამ სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. სააგენტო ასევე იუწყება, რომ დროებითი სამხედრო ბანაკის ტერიტორიაზე აფეთქდა ჭურვი, რომელიც თითქოს „უკრაინის ტერიტორიიდან ჩამოვარდა“. ამავე ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო "რია ნოვოსტიც“ ადასტურებს.
მოგვიანებით, „რია ნოვოსტის“ წყაროებმა აფეთქების მიზეზად "ადამიანური ფაქტორი" დაასახელეს.
სოფელი კრასნი ოქტიაბრი რუსეთ-უკრაინის საზღვართან მდებარეობს.
23 მარტს საგანგებო რეჟიმი შემოიღეს ბელგოროდის რეგიონის ორ სასაზღვრო სოფელში, ჟურავლევკასა და ნეხოტეევკაში. ეს მოხდა ჭურვის აფეთქების შემდეგ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, უკრაინიდან ისროლეს. მაშინ რეგიონში სამი ადამიანი დაშავდა და 20-ზე მეტი სახლი და მანქანა დაზიანდა. 24 მარტის ღამეს ჟურავლევკაში რამდენიმე აფეთქებაც დაფიქსირდა: ჭურვები სოფლის დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაეცა. იმავე დღის საღამოს, ჟურავლევკას დაბომბვის შედეგად, რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ერთი ადამიანი დაიღუპა.