საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს წყალს დავალიანების ნაწილობრივ დაფარვის შემდეგ მიაწვდიან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მოსახლეობამ სასმელი წყლის საფასურის დავალიანება ეტაპობრივად უნდა დაფაროს. ამის შესახებ ინფორმაცია ბერშუეთის მცხოვრებლებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა შეხვედრის დროს მიაწოდეს.
„გორის მერიისა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ შეთანხმებით, მოსახლეობა პირველ ეტაპზე დავალიანების 35% – ს გადაიხდის და დანარჩენი თანხა კიდევ ორ თვეზე გადანაწილდება. ბერშუეთელებმა დახმარების მიზნით ხელისუფლებას მას შემდეგ მიმართეს, რაც სასმელი წყლის მიწოდება ელექტროენერგიის გადაუხდელობის გამო შეუწყდათ. 230 აბონენტის ჭაბურღილზე ელექტროენერგიის დავალიანებამ, 4 თვეში 10 700 ლარი შეადგინა”, – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასმელი წყლის მიწოდება ბერშუეთში დავალიანების ნაწილის დაფარვისთანავე აღდგება.
ორი დღის წინ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის მცხოვრებლებმა წყლის მიწოდების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს და ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლა მოითხოვეს.