ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის საპრევენციო „რეიდებს" ატარებენ
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთო. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში COVID-19-ის გავრცელების რისკების შესამცირებლად მილიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში „რეიდებს" ატარებენ. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
პრევენციული „რეიდების" დროს მილიციის თანამშრომლებმა დადიოდნენ კაფეებში, სასადილოებსა და რესტორნებში, ასევე სპორტულ დაწესებულებებში და მფლობელებს კარანტინის პერიოდში მოქმედი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებდნენ. ინსპექტორებმა მასობრივი სადღესასწაულო და სამგლოვიარო ღონისძიებების გამართვის აკრძალვის შესახებ წერილობით გააფრთხილეს ცხინვალის კაფე-რესტორნების მფლობელები.
ოკუპირებული რეგიონის გზებზე საგზაო ინსპექციის თანამშრომლები მანქანებს აჩერებენ, მძღოლებთან და მგზავრებთან კი პროფილაქტიკურ საუბრებს ატარებენ.
„ვაფრთხილებთ ტაქსის მძღოლებს, დაიცვან მარტივი უსაფრთხოების ზომები, ანუ თან იქონიონ სადეზინფექციო საშუალებები და პირბადეები. გარდა ამისა, ვაცნობებთ, რომ მგზავრებსაც მოეთხოვებათ ნიღბის რეჟიმის დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა", - აცხადებს საგზაო უსაფრთხოების ინსპექციის ინსპექტორი მაირ თედეევი.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეიდები გაგრძელდება კარანტინის რეჟიმის გაუქმებამდე. მანამდე, 18 ოქტომბერს, კოროვირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება 2021 წლის 1 დეკემბრამდე აეკრძალა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ქორწილები და სხვა საჯარო ღონისძიებები.