მოსკოვმა ვაშინგტონს სამხედრო დაძაბულობის გამწვავებაში დასდო ბრალი ფრთოსანი რაკეტის გამოცდის გამო
მოსკოვმა ვაშინგტონს სამხედრო დაძაბულობის გამწვავებაში დასდო ბრალი, როცა აშშ-მა პირველი სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა გამოცადა მას შემდეგ, რაც ამერიკა და რუსეთი გავიდნენ შეიარაღების შეზღუდვის ოცდაათი წლის წინანდელი ხელშეკრულებიდან.
როგორც ტასი იტყობინება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა 20 აგვისტოს განაცხადა, რომ კალიფორნიაში რაკეტის გამოცდა „სინანულს იწვევს“. „აშკარაა, რომ აშშ-მა კურსი აიღო სამხედრო დაძაბულობის ესკალაციაზე. ჩვენ პროვოკაციებზე რეაქცია არ გვექნება,“ თქვა რიაბკოვმა.
2 აგვისტოს აშშ ოფიციალურად გავიდა 1987 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების შესახებ. ამ ხელშეკრულებით აკრძალული იყო 500-დან 5500 კილომეტრი რადიუსის მოქმედების ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები. აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა ცივი ომის პერიოდში ასეთი რაკეტები განათავსეს ევროპაში. მაგრამ ეს მწვავე დესტაბილიზაციის მიზეზად მიიჩნეოდა რაკეტების ფრენის მოკლე დროის გამო. ხელშეკრულება არ კრძალავდა საშუალო რადიუსის რაკეტების გაშვებას ზღვიდან და ჰაერიდან.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ერთი დღით ადრე ფრთოსანი რაკეტის საცდელი გაშვება მოაწყო კალიფორნიის ნაპირთან ახლოს, ლოს-ანჯელესთან მდებარე სან-ნიკოლასის კუნძულიდან.