მამუკა მდინარაძე: საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა
საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვა სექტემბრიდან განახლდება.
მდინარაძე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ ცვლილებებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. „საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა. შესაბამისად, მოწოდება, რომ ის უნდა გაგრძელდეს, რელევანტური არ არის“ - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მმართველმა პარტიამ მიიღო დემოკრატიული გადაწყვეტილება, შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და არჩევნები პროპორციული წესით, ბარიერის გარეშე ჩატარდეს, და უარი თქვა უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები აძლევდა.
„ვცვლით პარტიების დაფინანსების წესსაც უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე მოდელით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება რეალიზების პროცესშია. მუშაობა გრძელდება, სექტემბერში ჩატარდება საჯარო განხილვები, შემდგომ საკომიტეტო მოსმენები და არაერთი სამუშაო შეხვედრა გვექნება. ამის შემდეგ კი ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე გავიტანთ,” - თქვა მამუკა მდინარაძემ.