ნანუკა ჟორჟოლიანი: სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია, აუცილებლად მოვუშლი ნერვებს
ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ მისი და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტის „რუსთავი 2“-დან გათავისუფლება მოსალოდნელი იყო და უფრო ადრეც ელოდებოდნენ.
„როგორც მე დღეს პაატა სალიამ პირდაპირ ეთერში შემატყობინა, გამათავისუფლა იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ მიყვარს, არ მომწონს და არ ვგულშემატკივრობ. ანუ, ეს თქვა, რომ მან განაცხადაო, რომ ის რომ შეიტანს სარჩელსო სტრასბურგში და რომ წააგებს, ამას გულშემატკივრობსო. მე კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს. მე კონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას, რომელიც არხისთვის არის შემოსავლიანი და ამას აკეთებდა „ნანუკას შოუ“ წლების განმავლობაში ძალიან წარმატებით“ - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ტელეწამყვანის ინფორმაციით, იცნობს ქიბარ ხალვაშთან დაახლოებულ პირებს, რომლებმაც უთხრეს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ ვერ იტანდა ჟორჟოლიანის მიერ გამოხატულ სიმპათიას მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი ხელისუფლების მიმართ.
„დღეს პაატა სალიამ აქ დაადასტურა, რომ ელაპარაკება იმ ადამიანს, რომელიც სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს აკეთებდა იმ "კურიერს," რომელიც არ მოსწონდა ჩვენს მაყურებელს. პაატა სალიამ დღეს დაადასტურა, რომ ის ელაპარაკება წამყვან პოზიციაზე იმ ადამიანს, რომელიც შემდეგ, სულ რამდენიმე თვის წინ მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან და საკმაოდ გავლენიან პოზიციაზე. და მე მივხვდი, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი მოგწონთ, რუსთავი 2-ში პრობლემა აღარ გაქვთ, მომავალში აღარ გექნებათ. თუ მიხეილ სააკაშვილი მოგწონთ, თქვენი კარი დაკეტილია“ - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ტელეწამყვანმა ისიც თქვა, რომ "რუსთავი 2“-ში მუშაობისას არასადროს არცერთი ლარის პრემია არ აუღია. ნანუკა ჟორჟოლიანმა ახსენა სამართლებრივი დავაც და თქვა, რომ მათი შრომითი კონტრაქტები ძალიან მყარია, რისთვისაც მადლობა გადაუხადა ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.
ჟურნალისტების შეკითხვას, სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, ჟორჟოლიანმა უპასუხა, რომ აქვს შეთავაზება არა მხოლოდ ტელევიზიიდან, არამედ კერძო სტრუქტურიდანაც, მაგრამ მისთვის „პენსია ჯერ ადრეა“ და ალბათ, ისევ ტელევიზიაში დაბრუნდება: „თან მანამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია, აუცილებლად მოვუშლი მას ნერვებს პირობას ვაძლევ."