შალვა შავგულიძე: "კლანის" შესასუსტებლად იუსტიციის საბჭოს წევრების გაწვევაა საჭირო
მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე, სასამართლოში მოქმედი ე.წ. კლანის პოზიციების შესუსტების მიზნით, აუცილებლად თვლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სამი არამოსამართლე წევრის გაწვევას. ლაპარაკია - შოთა ქადაგიძეზე, ლევან გზირიშვილსა და ზაზა ხარებავაზე.
„საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს შექმნას კამუფლაჟი, თითქოს ის შეიმუშავებს კრიტერიუმებს... მაგრამ უკვე პირველი მოსმენით აქვს მიღებული ისეთი კრიტერიუმები და ისეთი პროცედურები, რომლებიც მხოლოდ კვლავ იუსტიციის საბჭოში გაბატონებული კლანის პრეროგატივად აქცევს კანდიდატების შერჩევას.
ისინი უკვე ამოეფარებიან რა ფორმალურად თითქოს უკვე არსებულ კრიტერიუმებსა და პროცედურას, წარადგენენ თვითნებურად მხოლოდ მათთვის სასურველ წევრებს... გარედან ჩარევის მექანიზმს არ ითვალისწინებს ეს კანონი,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შალვა შავგულიძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის მიერ.
სწორედ ეს ორი პოლიტიკური ძალა მუშაობს ერთობლივად იმისათვის, რომ ფრაქციის სახელით პარლამენტში დადგეს საკითხი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის გამოწვევის თაობაზე.
შალვა შავგულიძის თქმით, სამმა არამოსამართლე წევრმა უკვე დაამტკიცა, რომ ისინი არაჯეროვნად ასრულებენ ანდა საერთოდ არ ასრულებდნენ თავიან საქმეს.
ამის დასტურად „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი იხსენებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების სამეულმა მხარი დაუჭირა მოსამართლეთა 10-კაციანი სიას, „რომელიც თავად პარლამენტმაც კი ვერ განიხილა, რადგან სია წარმოდგენილი იყო პროცედურებისა და კრიტერიუმების, ფილტრის გარეშე“.