"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში სანდრა რულოვსის მიმართ თვალთვალს უარყოფენ
„ქართული ოცნების“ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დასახელებული გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, სანდრა რულოვსის შტაბის წარმომადგენლებს სპეკულაციასა და პროვოკაციაში ადანაშაულებს.
„ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენელმა მამუკა წოწერიამ უარყო „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები, რომ სანდრა რულოვსს პარტია „ქართული ოცნების“ წევრები უთვალთვალებენ.
ამასთან, წოწერიას თქმით, არ აქვს ინფორმაცია გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დასახელებული პირების ნაწილი არის, თუ არა "ქართული ოცნების" წევრი.
"ჩემი ინფორმაციით, შეკითხვები, რომელიც დაისვა გარკვეული პირების მიერ, იყვნენ მათი რეჟიმის მსხვერპლნი და აქვთ ლეგიტიმური უფლება დასვან მწვავე შეკითხვები და მიიღონ პასუხი" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
„ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენელი ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას „ნაციონალური მოძრაობისგან“ ელოდებიან კიდევ არაერთ სპეკულაციას და პროვოკაციას, რასაც ღირსეულ პასუხს გასცემენ.
მამუკა წოწერიას თქმით, „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულნი არიან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მშვიდ საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფს არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველა ოლქში, სადაც 19 მაისს უნდა ჩატარდეს თვითმმრთველობის შუალედური არჩევნები.