მექა ხანგოშვილი: თემირლანის დედას აინტერესებს, რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი?
![მექა ხანგოშვილი: თემირლანის დედას აინტერესებს, რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი?](https://gdb.rferl.org/1EEE9BC0-0061-48EE-B61C-709075126D32_w800_h450.jpg)
ვიცე-პრემიერი მაია ციქიტიშვილი და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
დუისის საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებს კითხვა ქისტური დიასპორის წარმომადგენელმა, მექა ხანგოშვილმაც დაუსვა, რომელიც იქ თემირლან მაჩალიკაშვილის დედასთან, მედიკო მარგოშვილთან ერთად მივიდა:
„თემირლანის დედას აინტერესებს, რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი, თუნდაც, დავუშვათ და, მას რამე დანაშაული ჰქონოდა ჩადენილი. ბრეივიკი ციხეშია, ის განათლებას იღებს და იმასაც კი აპროტესტებს, ყავა რატომ არის ცივი და არა ცხელიო. თუნდაც, 20 წელი მჯდარიყო ციხეში, თუ ბრალი დაუმტკიცდებოდა, ოღონდაც დედას ის ცოცხალი ჰყოლოდა“, - უთხრა მინისტრებს მექა ხანგოშვილმა.
კითხვაზე პასუხი არც მას და არც მედიკო მარგოშვილს მიუღიათ. მაია ცქიტიშვილის სიტყვებით, ის ამ საკითხზე გამოძიების დასრულებამდე ვერაფერს იტყვის.
თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს სუს-ი და პანკისში მინისტრების ჩასვლა არაფერს ცვლის.
მედიკო მარგოშვილმა პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ ისინი საპროტესტო აქციის ჩატარებასაც გეგმავდნენ, თუმცა გადაწყვეტილება მოგვიანებით შეცვალეს.
ქეთევან ციხელაშვილსა და მაია ცქიტიშვილს პანკისელებმა ინფორმაცია მიაწოდეს ხეობის სოფლებში არსებულ პრობლემებზე. არაერთხელ ახსენეს ჰესების მშენებელობის საკითხიც, რასაც მოსახლეობის ნაწილი უკვე თვეებია აპროტესტებს.
19 მაისს, პანკისის სოფელ ზემო ხალაწნის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. რადიო WAY-ს ცნობით, გასულ წელს, სოფელ ომალოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო.