არქიმანდრიტი იოანე: არ ვიცით, როდის დასრულდება სამების მოხატვა
არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, სამების ტაძრის მოხატვის ამბავი ბიძინა ივანიშვილის პატრიარქთან შეხვედრისას გადაწყდა. საპატრიარქოს ცნობით, სამების საკათედრო ტაძრის სრულად მოხატვას სწორედ ივანიშვილი დააფინანსებს.
„ფაქტი ძალიან სასიხარულოა. დანარჩენი დეტალები მხოლოდ დამკვეთი ჯგუფისა და მხატვრის ურთიერთობაში გაირკვევა. ამ დეტალებსა და ფინანსურ საკითხებს ტაძართან არავითარი შეხება არ აქვს", - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.
მისი ცნობით, საკურთხეველს ერთი ადამიანი მოხატავს, მთელი ტაძრის მოხატვის პროცესშიკი, შესაძლოა, მხატვართა რამდენიმე ჯგუფი ჩაერთოს.
„ჯერჯერობით სამების საკათედრო ტაძრის მხოლოდ საკურთხეველია მოხატული, ისიც არ არის ბოლომდე დასრულებული. საკურთხევლის მოხატვა დაახლოებით 2017 წლის თებერვალში დაიწყო, მოხატული კი დაახლოებით 1000 კვადრატზე მეტია და რამდენიმე თვეში დასრულდება. გეგმაში იყო გუმბათის მოხატვა, მაგრამ გადაწყდა, რომ მთელი ტაძარი მოიხატება. საკურთხეველს ამირან გოგლიძე ხატავს და მას მხოლოდ ერთი ადამიანი ეხმარება. არ ვიცით, რამდენი ხანი დასჭირდება მთელი ტაძრის მოხატვას. შეიძლება, უკვე სხვადასხვა ჯგუფი ჩაერთოს, რომ უფრო ჩქარი ტემპით მოიხატოს", - განაცხადა არქიმანდრიტმა მედიასთან საუბარში.