"ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებაზე ზუგდიდის სასამართლო იმსჯელებს
ზუგდიდის სასამართლო დღეს განიხილავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, მანუჩარ ჩხეტიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს.
ჩხეტიას გვიან ღამით, ზუგდიდის პოლიციაში წაუყენეს წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდება და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვნეს.
ადვოკატ მირანდა გოგოხიას ინფორმაციით, მანუჩარ ჩხეტია ბრალს არ აღიარებს და უდანაშაულობის დამტკიცებას სასამართლოში აპირებს.
დაკავებული მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ლევან პაპავამ. მისი ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატი საქმეს შეისწავლის.
11 აპრილს ღამით, მანუჩარ ჩხეტიასთან ერთად პოლიციამ დააკავა სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის კიდევ ორი წევრი - ანა წითლიძე და გიორგი პატარაია. მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს.
დაკავებას წინ უძღოდა ინციდენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრებს თვალყურს ადევნებდნენ უცნობი პირები, რომელთა ვინაობის გარკვევა უშედეგოდ სცადეს და გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც ვითარების გარკვევის ნაცვლად აგრესია გამოიჩინა და ოპოზიციის წარმომადგენელთა პროვოცირება მოახდინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები სოფელ ნარაზენთან სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამართალდამრღვევი პირები მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას.