ზესტაფონში "კრიმინალური ავტორიტეტი" დააკავეს
სამართალდამცავებმა ზესტაფონში დააკავეს „კრიმინალური ავტორიტეტი“ და „ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრი, წარსულში ნასამართლევი ჩ.ქ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩ.ქ. ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, „ქურდული გარჩევის“ გზით, ე.წ. კანონიერი ქურდების სასარგებლოდ, ბიზნესსაქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა.“
სამართალდამცავთა ცნობით, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას აღმოჩენილია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება მიმდინარეობს "ქურდული სამყაროს" წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე. მსგავსი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულ დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.