ევროსაბჭო რუსეთს მოუწოდებს ბიუჯეტში თანხის შეტანისკენ და მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს მოუწოდა დელეგაციის ფორმირებისა და ორგანიზაციის ბიუჯეტში თანხის შეტანის განახლებისკენ.
10 აპრილს მიღებული რეზოლუციით საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მიმართავს, დაიწყოს დიალოგი, რათა თავიდან იყოს აცილებული სიტუაცია, როცა ევროსაბჭოს წევრ ყველაზე დიდ ქვეყანას შესთავაზებენ ორგანიზაციის დატოვებას, ან თავად დატოვებს.
დოკუმენტის თანახმად, მოვლენების ასეთ განვითარებას ექნება გეოპოლიტიკური შედეგები, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება 2014 წლის აპრილში ჩამოართვა, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო. რუსეთის დელეგაციას შეჩერებული აქვს ასამბლეის ხელმძღვანელ სტრუქტურებში მუშაობის უფლებაც, თუმცა, პლენარულ სხდომებზე დასწრება შეუძლია.
2017 წლის ივნისში რუსეთმა ევროსაბჭოს ბიუჯეტში თანხის შეტანა შეწყვიტა საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილების უპირობოდ აღდგენამდე.
ყოველწლიურად რუსეთი ევროსაბჭოში იხდიდა დაახლოებით 33 მილიონ ევროს, რაც ორგანიზაციის ბიუჯეტის თითქმის 10%-ია.
2018 წლის ოქტომბერში მოსკოვმა მოითხოვა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტი შეიცვალოს და აიკრძალოს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა.
ასამბლეამ მოთხოვნა არ გაითვალისწინა, რის გამოც, რუსეთი უარს აცხადებს საპარლამენტო ასამბლეის სესიებში თავისი დელეგაციის მონაწილეობაზე.
10 აპრილს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს ევროსაბჭოში არსებული ფინანსური სირთულეების მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა, მისი პოზიცია უცვლელია - რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობა არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების შეცვლის გამომწვევი ფაქტორი, ან პირობა.
„საქართველო, ბოლო 20 წელია სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში ნებაყოფლობითი შენატანი 500 000 ევროს ოდენობით“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.