ევროკავშირი დათანხმდა "ბრექსიტის" 31 ოქტომბრამდე გადავადებას
ეროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ „ბრექსიტის“ 31 ოქტომბრამდე გადავადებაზე. შეთანხმებას გვიან ღამით ბრიუსელში მიაღწიეს 8 საათიანი მოლაპარაკების შედეგად.
„ეს ნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს კიდევ 6 თვე საუკეთესო გადაწყვეტილების მოსაძებნად“ - დაწერა ტვიტერზე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა.
მისი განმარტებით, მომდევნო 6 თვის განმავლობაში დიდ ბრიტანეთს შეუძლია ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინოს, სტრატეგიას გადახედოს, ან საერთოდ უარი თქვას ევროკავშირის დატოვებაზე.
ამასთან, თუ დიდი ბრიტანეთი 22 მაისამდე ვერ შეძლებს ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების რატიფიცირებას, მას ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მოუწევს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი „ბრექსიტის“ 31 ოქტომბრამდე გადავადებას დათანხმდა. Reuters-ის ინფორმაციით, მეიმ არ გამორიცხა, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს ევროპარლამენტის არჩევნებამდე, რომელიც მაისის ბოლოსაა დაგეგმილი.
9 აპრილს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრის წინადადებას, ევროკავშირისთვის ეთხოვა „ბრექსიტის“ თარიღის გადატანა 12 აპრილიდან 30 ივნისამდე, რათა ქვეყანას თავიდან აეცილებინა გაერთიანებიდან შეთანხმების გარეშე გასვლა, ანუ ე.წ. „ხისტი ბრექსიტი.“
თავდაპირველი შეთახმებით, გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა, პარლამენტმა სამჯერ არ დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც „ბრექსიტის“ პირობებს განსაზღვრავს.