ლევან იზორია უარყოფს ჯარში „ძედოვშინის“ არსებობას
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დაუმსახურებელი უწოდა კრიტიკას „ძედოვშინაზე“. მან პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებზე პასუხისას გულისწყრომა გამოხატა იმის გამო, რომ ოპოზიცია ჯარში ძველი, შევარდნაძის დროის დაბრუნებაზე აპელირებს. მინისტრმა განაცხადა, რომ საგანგებოდ მოიძია დარღვევების შესახებ სტატისტიკა, მათ შორის იმ პერიოდზე, როდესაც ხელისუფლებაში პარლამენტის ახლანდელი ოპოზიციური პარტიები იყვნენ:
„თქვენ ვერ დამისახელებთ პერიოდს, სადაც გარკვეულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონდა. მათ შორის გამოძალვის ფაქტსაც ადგილი არ ჰქონდა. და სამხედრო პოლიციის არსებობა სტრუქტურაში თავდაცვის სტრუქტურაში არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, ყველაზე განვითარებულ ნატოს ქვეყნებშიც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი შეიძლება იყოს სწორედ თავდაცვის სტრუქტურა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე,“- აღნიშნა მინისტრმა.
მან გაიხსენა ამ ცოტა ხნის წინ კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტი, რომელზეც გამოძალვისა და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ორი პირია დაკავებული:
„დაპირისპირებას და გამოძალვის ფაქტს ჰქონდა წვევამდელებს შორის ადგილი. წვევამდელებმა, რომლებიც 2 დღეში ასრულებდნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს, ჩაიდინეს აღნიშნული ქმედება. კერძოდ ფიზიკური ძალადობით სხვა წვევამდელებს სახელფასო ბარათი გამოსთხოვეს,“- ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ერთი ინცინდენტის სხვადასხვა ეპიზოდი წარმოჩენილი იყო ისე, თითქოსდა ამ ტიპის დანაშაული ჯარში სისტემურად ხდება.
პარლამენტში მიმდინარე „სამთავრობო საათზე“ მინისტრმა კატეგორიულად უარყო, რომ სამხედროებისგან ფულის გამოძალვა ჯარში გავრცელებული პრაქტიკაა.