სუს-ი: ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული საქართველოს ორი მოქალაქე ახალგორში იმყოფება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას ოკუპირებულ ახალგორში 22 თებერვალს დაკავებული ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შესახებ. სუს-ის ცნობით, ისინი ახლაც ახალგორში იმყოფებიან. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის საოკუპაციო ძალებს და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ზემოთხსენებულ პირებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პროცესში არ შეუქმნას რაიმე ტიპის ხელოვნური ბარიერი“, - წერია სუს-ის მიერ 24 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში. უსაფრთხოების სამსახური ე.წ. „ცხელი ხაზის“ საშუალებით აწარმოებს მოლაპარაკებებს ცხინვალიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე.