თსუ-ს სტუდენტების ნაწილი აპროტესტებს სასწავლებლის იუბილეზე დასწრების შეზღუდვას
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქცია გამართეს მოძრაობის, "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებმა, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არდაშვების გამო. აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს. რამდენიმე სტუდენტმა უნივერსიტეტის დარბაზში შესვლა თავად სცადა, თუმცა, დაცვის სამსახურმა ამის საშუალება არ მისცა. სტუდენტების განცხადებით, საიუბილეო ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს უნდა ჰქონოდა და არა მხოლოდ მათ, ვისაც მოსაწვევები გაუგზავნეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ 700 ადამიანზე გათვლილ დარბაზში ადგილების სიმცირის გამო ყველა სტუდენტის და პროფესორის მიწვევა შეუძლებელი იყო, ამიტომ ღონისძიებაზე დასასწრებად შეირჩა მაღალი აკადემიური მოსწრების სამასამდე სტუდენტი.