სეული ფხენიანს სთავაზობს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დელეგაციების ერთად გასვლას
ჩრდილოეთ კორეა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის სამხრეთ კორეაში გაგზავნის სპორტსმენებს, მათი მხარდამჭერების ჯგუფს და მაღალჩინოსანთა დელეგაციას. სააგენტოების, ბლუმბერგის და როიტერსის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 იანვარს განაცხადეს სამხრეთ კორეის დელეგაციასთან შეხვედრისას. ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველ, პირდაპირ მოლაპარაკებას დილიდან მართავენ საზღვრის დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე სოფელ პანმუნჯომში. შესვენების დროს სამხრეთ კორეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, გაერთიანების მინისტრმა ჩუნ ხე სუნმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ სეულმა ფხენიანს შესთავაზა მათი დელეგაციები ერთად გავიდნენ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე. მინისტრის განცხადებით, სამხრეთ კორეა ჩრდილოეთს ასევე, სთავაზობს ომის შედეგად განცალკევებული ოჯახების გაერთიანებას, თავდაცვის სამინისტროებს შორის დიალოგის განახლებას და კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გამომწვევი მოქმედებების შეწყვეტას.