Axios: აშშ ირანს ურანის სანაცვლოდ 20 მილიარდი დოლარის აქტივებს სთავაზობს
აშშ და ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ომის დასრულების სამნაწილიან გეგმაზე. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ითვალისწინებს ირანის 20 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივების გამოთავისუფლებას გამდიდრებული ურანის სანაცვლოდ.
ამის შესახებ იტყობინება Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანამოსაუბრეების ცნობით, მოლაპარაკებების ადრეულ ეტაპზე აშშ მზად იყო ირანის 6 მილიარდი დოლარის აქტივები გამოეთავისუფლებინა სურსათის, მედიკამენტების და სხვა ჰუმანიტარული მარაგების შესაძენად. ირანი 27 მილიარდ დოლარს ითხოვდა.
ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, რომლის ვინაობა არ არის დასახელებული, შეერთებულმა შტატებმა ირანს 20 მილიარდი დოლარი შესთავაზა.
იტყობინებიან, რომ აქტივების გამოთავისუფლების სანაცვლოდ, ვაშინგტონმა თეირანს სთხოვა, დათანხმებოდა მისი ყველა ბირთვული მასალის აშშ-ში გაგზავნას, თუმცა ირანული მხარე მის მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე დამუშავებას დათანხმდა.
ცნობის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები 20 მილიარდი დოლარის ოდენობის გარიგებას განიხილავდა ურანის სანაცვლოდ, ტრამპმა განაცხადა: "ეს სრული სიცრუეა. ფული არ გადაიცვლება".
ამჟამად განხილვის პროცესში მყოფი კომპრომისული წინადადების ფარგლებში, მაღალგამდიდრებული ურანის ნაწილი მესამე ქვეყანაში გაიგზავნება, არა აუცილებლად შეერთებულ შტატებში, ხოლო ნაწილი ირანში საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ დამუშავდება.
Axios-ის ცნობით, განსახილველი გეგმა ასევე მოიცავს პუნქტს, რომელიც ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე ნებაყოფლობით მორატორიუმს ითვალისწინებს. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში აშშ-მ მოითხოვა, რომ ირანი 20-წლიან მორატორიუმზე დათანხმებულიყო, ხოლო ირანმა საპასუხოდ ხუთწლიანი მორატორიუმი შესთავაზა.
უფრო ადრე, 17 აპრილ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის ოფიციალურ პირებს შორის ახალი შეხვედრა შესაძლოა, უკვე ამ შაბათ-კვირას პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართოს. Axios-ის წყაროს ცნობით, ის სავარაუდოდ, კვირას გაიმართება. ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანმა პირობა დადო, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში ბირთვული იარაღი არ ექნება და რომ მზადაა, ვაშინგტონს გამდიდრებული ურანის მარაგები გადასცეს.
აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, ირანს დაახლოებით 450 კილოგრამი ურანი აქვს, 60 პროცენტამდე გამდიდრებული - იარაღის წარმოებისთვის საჭიროა ამ მაჩვენებლის 90 პროცენტამდე აყვანა.
