ბავშვებში გავრცელებულია ბრონქიოლიტი - სეზონური გრიპი ახალმა ვირუსმა ჩაანაცვლა
იაშვილის კლინიკაში ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ბრონქიოლიტის დიაგნოზით წევს. მიზეზი საქართველოში გავრცელებული რესპირაციულ-სინციტიური ვირუსია. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ეს ვირუსი განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებს ერჩის.
თებერვლის მეორე ნახევრიდან საქართველოში გავრცელდა რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც ბრონქიოლიტს იწვევს. დაავადებათა ეროვნული ცენტრის სტატისტიკით, ვირუსების კუთხით, შემთხვევების 53% ახლა სწორედ ამ ვირუსზე მოდის, გრიპი კი მხოლოდ - 3%-ზე.
პაციენტს ძალიან უჭირს სუნთქვა, იმდენად, რომ გულ-მკერდი ძლიერად ედრიკება, ნესტოები კი დაბერილი აქვს. ბავშვი ქოშინებს, ახველებს, სუნთქვისას გამოსცემს სტვენის ხმას. ჟანგბადის უკმარისობის გამო ზოგჯერ გალურჯებულია, სუსტადაა, საჭმელს არ ჭამს. ამ დაავადებას არ ახასიათებს მაღალი სიცხე.
დაავადების დიაგნოსტირება, მისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ექიმებს არ უჭირთ.
„არ სჭირდება დამატებითი კვლევები, არც ვირუსის შესწავლა. თუ 2 წლამდე ბავშვს ეს ნიშნები აქვს - ბრონქიოლიტია. რა თქმა უნდა, ინფიცირების ყველა შემთხვევა ასეთი რთული არ არის, მაგრამ პაციენტების ნაწილს სჭირდება ჟანგბადი, ინტრავენური გადასხმა. ასეთ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.
მისი თქმით, რისკ ჯგუფში შედიან 2 წლამდე ბავშვები და მოხუცები. მათ შესაძლოა ამ ვირუსის გამო ფილტვების ანთებაც დაემართოთ.
ამ ეტაპზე ამ ვირუსის ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება არ არსებობს.
