ზახაროვა: რუსეთმა აზერბაიჯანს დემარში გამოუცხადა
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების ცნობით, ვლადივოსტოკში, „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში დღეს, 13 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ აზერბაიჯანს დიპლომატიური დემარში გამოუცხადეს, რადგან ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის „ახალ რეგიონებში ჩატარებული არჩევნების“ შესახებ, არ შეესაბამება ორი ქვეყნის სამოკავშირეო ურთიერთობებს.
ზახაროვას განცხადებით, ბაქო რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს უნდა ეპყრობოდეს ისეთივე პატივისცემით, როგორსაც რუსეთისგან ელოდება, როცა საუბარია აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე.
8-10 სექტემბერს რუსეთის რეგიონებში ჩატარდა სხვადასხვა დონის არჩევნები. კრემლმა ე.წ. რეგიონული პარლამენტის არჩევნები ჩაატარა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც, რომლებიც საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში, თუმცა, დღემდე ვერცერთ მათგანს სრულად ვერ აკონტროლებს. უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპირებული რაიონების დასაბრუნებლად კონტრშეტევით ოპერაციებს ატარებენ.
9 სექტემბერს აზერბაიჯანული მედიასაშუალებებით გავრცელდა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ აზერბაიჯანი და უკრაინა მხარს უჭერენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ბაქო ლეგიტიმურად მიიჩნევს უკრაინის კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებულ არჩევნებს და ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაფუძნებული პრინციპული პოზიციაა, ამიტომ, ნებისმიერ არჩევნებს, რომელიც ამ კრიტერიუმებს არ შეესაბამება, იურიდიული ძალა არ აქვს.
