უკრაინის მომავალი ნატოშია, მაგრამ ალიანსში მოვიწვევთ მაშინ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან - სტოლტენბერგი
„შევთანხმდით, რომ უკრაინას ალიანსში მოვიწვევთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულებული იქნება“, - თქვა იენს სტოლტენბერგმა და დაადასტურა, რომ უკრაინის შემთხვევაში მოხსნილია "მაპის" საჭიროების საკითხი, რაც ნიშნავს გაწევრიანების ორსაფეხურიანი პროცესის ერთსაფეხურიანი პროცესით შეცვლას.
NATO-ს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი უზრუნველყოფს უკრაინისთვის მნიშვნელოვან დახმარების პაკეტის მიწოდებას, რაც მათ გაწევრიანებამდე დაეხმარებათ, თუმცა თქვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელია ომის დასრულება.
სტოლტენბერგის თქმით, შეიქმნება NATO-უკრაინის ახალი საბჭო, სადაც ალიანსი და უკრაინა თანაბარი უფლებებით შეიკრიბებიან. პირველი ასეთი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ხვალ გაიმართება.
სტოლტენბერგი პრესკონფერენციაზე გარკვეულწილად გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვილნიუსში წასვლამდე გაკეთებულ გაცხადებასაც, სადაც ის უკმაყოფილებას გამოხატავდა უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო და "აბსურდს" უწოდებდა იმას, რომ არ არის უკრაინის ნატოში გაწევრიანების კონკრეტული დრო განსაზღვრული.
"თუ გადავხედავთ NATO-ში ნებისმიერი წევრის მიღების პროცესს - ეს დამოკიდებული არა თუ ვადებზე, არამედ იმ პირობებზე, რომლებსაც ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ" - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხად.
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს, 11 ივლისს, გაიხსნა ნატოს 2-დღიანი სამიტი. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები იმსჯელებენ, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემდგომი დახმარება და უსაფრთხოების გარანტიებია.
სამიტის წინ, კიევმა ნატოს არაერთხელ მოუწოდა, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა ნატოში ოფიციალურად მიიწვიონ და დაადასტურონ, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება.
