ჩეჩნეთის ხელისუფლებას გროზნო-თბილისის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნის იმედი აქვს
„აზიმუტი“ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ახორციელებს. გროზნო იმედოვნებს, რომ ავიაკომპანია საქართველოში ჩეჩნეთიდანაც იფრენს.
„ჩვენ განვიხილეთ არაერთი პერსპექტიული პროექტი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რუსეთის გმირის, რამზან ახმატოვიჩ კადიროვის დავალების შესრულების ფარგლებში სამგზავრო ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შეხვედრისას ჩვენ გამოვკვეთეთ მგზავრთა საჰაერო გადაყვანის არაერთი მიმართულება, მათ შორის ფრენები სოჭში, ვოლგოგრადში, თბილისსა და ჯედაში“, - განაცხადა ჩერჰიგოვმა.
ის დარწმუნებულია, რომ გეგმების განხორციელება „არა მხოლოდ ხელს შეუწყობს რესპუბლიკის მცხოვრებლების კეთილდღეობას, არამედ დადებით გავლენას მოახდენს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე“.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ („როსავიაციამ“) რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 284 ავიარეისი დაუშვა.(გროზნო ამ ჩამონათვალში არ ყოფილა.) დოკუმენტი რუსეთის სახელმწიფო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნდა. საქართველოს ხელისუფლებას ახალი რეისების შესრულების ნებართვა ჯერჯერობით არ გაუცია, რაც ფრენის დასაწყებად აუცილებელი პროცედურაა.
დღეს, 11 ივლისს, რუსულმა Red Wings-მა მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების ნებართვა მაისში მიიღო, მაგრამ რეისების განხორციელება რამდენჯერმე გადაიდო.
ამას გარდა, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ყოველდღიურ ავიარეისებს ასრულებენ ავიაკომპანიები „აზიმუტი“ (მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი) და „ჯორჯიან ეარვეისი“ (თბილისი-მოსკოვი-თბილისი).
