რომან სვიტანი: თუ უკრაინა ნატოში მიწვევას არ მიიღებს, მან ბირთვული იარაღის წარმოება უნდა დაიწყოს
თუ ნატოს ვილნიუსის სამიტზე უკრაინა ალიანსში ოფიციალურ მიწვევას არ მიიღებს, მან თვითონ უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა დაიწყოს. ამის შესახებ ცნობილმა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა რომან სვიტანმა განაცხადა.
სვიტანის თქმით, უკრაინაში არსებობს კომპანია „უკრობორონპრომი“, რომელსაც ამ ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობის დაწყება შეუძლია. მისი თქმით, უკრაინამ ნელ-ნელა განაახლა სამხედრო მრეწველობა და ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. იგეგმება ასევე ერთობლივი საწარმოების შექმნა.
„უკრობორონპრომმა“ ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა უნდა დაიწყოს. ეს ხანგრძლივი, რთული და ძვირიანი პროცესია, მაგრამ თუ ჩვენ ნატოს სამიტზე მიწვევას არ მივიღებთ, ეს პროცესი აუცილებლად უნდა ავამოქმედოთ, უფრო მეტიც, ბირთვული იარაღის შექმნაზე შუშაობა აქამდეც უნდა დაგვეწყო“ – ამბობს რომან სვიტანი.
ექსპერტი ამბობს, რომ ერთადერთი რეალური გადაწყვეტილება, რაც ვილნიუსის სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით იქნება მიღებული, არის უკრაინა – ნატოს საბჭოს შექმნა. რაც შეეხება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარს, რომან სვიტანი ამბობს, რომ ეს თემიდან გადახვევაა და უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია ნატოში გაწევრიანებაა.
