სამეგრელოში სოფლები დაიტბორა
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე ტეხურამ ცენტრალური მილები დააზიანა სენაკსა და ფოთში. შედეგად, წყალმომარაგება ამ მუნიციპალიტეტებში შეუწყდა 32 000-ზე მეტ აბონენტს.
„ადიდებული მდინარე ტეხურას ფონზე, კომპანიის ტექნიკური სამსახური დაზიანების ადგილამდე მისვლას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს. მიუხედავად ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვის ცენტრის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ, რათა მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლეს დროში აღუდგეს“, - აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
ცენტრალური გზის დატბორვის გამო ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ჩხოროწყუ-სენაკის დამაკავშირებელ გზაზე. როგორც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ წუთებში ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობენ.
„ამ გზაზე მეწყრული პროცესები მიმდინარეობს ათეულებით წელია და ამის გამო გზა არის ჩაწეული...გზების დეპარტამენტი ადგილზეა და მუშაობენ როგორც ალტერნატიულ გზაზე, ასევე თვითონ ამ მაგისტრალის აღდგენაზე“, - თქვა დათო გოგუამ.
მისვე ინფორმაციით, სტიქიის შედეგებზე ზარალს ჯერ კიდევ სწავლობენ, თუმცა 11 ივლისის დილის მონაცემებით, დაახლოებით 16 ოჯახის სახლი და ეზოა დატბორილი ძირითადად სოფელ ლესიჭინეში, ხაბუმეში, მუხურსა და ქვედა ჩხოროწყუში.
დატბორვის გამო, ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს სენაკის ცენტრალურ გზაზე, სოფელ თეკლათის უბანში. სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან ელიავას ცნობით, მდინარე ცივის ადიდების გამო დაიტბორა ადგილობრივი მცხოვრებლების სახლებიც. მათ შორის ძირითადად ახალსოფელში, ნოქალაქევსა და გეჯეთში.
„მხოლოდ ახალსოფელში, სადაც ახლა მე ვიმყოფები, 20-მდე სახლია დატბორილი, სხვა უბნებზე ვსწავლობთ ზარალს..ჩვენი ტექნიკა სანამდეც გვყოფნის, დაახლოებით 3-4 ტრაქტორი ყველაზე რთულ ლოკაციებზე გვყავს გაგზავნილი. ინფრასტრუქტურული ზიანი ამ დროის მონაცემებით არ გვაქვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ელიავამ.
აბაშის მერის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ კალაპოტიდან გადავიდა მდინარე აბაშა, ცხენისწყალი და კოვზა. დატბორილია ათეულობით ადგილობრივი მცხოვრების სახნავ-სათესი მიწები. გარდა ამისა ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა საცხოვრებელ სახლებს ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ საბოკუჩაოში.
„რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო სოფელ საბოკუჩაოში. მათ მერიამ შესთავაზა თავშესაფარი, მაგრამ თავად განაცხადეს უარი და ახლობლებთან გადავიდნენ... ყველგან არიან შესაბამისი სამსახურები გასული, მუშაობს მუნიციპალური ტექნიკა“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში კი, ადიდებულმა მდინარე მოროჟამ დააზიანა გაბიონი და მიმდებარედ დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა შიდა საუბნო გზები.
რაც შეეხება ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქაც უხვმა ნალექმა რამდენიმე უბანზე გზის სავალი ნაწილი და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დატბორა.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განმარტავენ, სტიქიის ზონებში იმყოფებიან და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურები. ამავე ინფორმაციით, ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებზე „ენერგო - პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს.
სვანეთში მესამე დღეა წვიმს. სინოპტიკოსები გამოდარებას 12 ივლისიდან ვარაუდობენ.
